Monday, January 21, 2013

ქართული ტაძრები

ბაგრატის ტაძარი

ისტორია 

ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“ (1003). თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუსტი მოგვითხრობს, „შემუსრეს ოსმალთა“. XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები.

არქიტექტურა 

ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.
მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და „სათაურებს“. უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს. შიგნით ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენტები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშვენებდა.
ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას.

Friday, January 18, 2013

გერგეტის სამება

გერგეტის სამება

გერგეტის სამების ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში, დაბა სტეფანწმინდის (ყაზბეგი) ჩრდილოეთით, მდინარე თერგის შენაკად ჩხერის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მთის მწვერვალზეა აღმართული.
გერგეტის სამება ლანდშაფტთან შერწყმით და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს ძველი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი სიამაყეა. ტაძრისა და სამრეკლოსათვის თერგის ხეობაში ისეთი მაღალი მთაა შერჩეული, რომელსაც ფონად მყინვარწვერი აქვს. ამ თეთრ ფონზე ნაგებობათა სილუეტები კარგადაა გამოკვეთილი. ავტორისათვის მთავარი იყო ხედი აღმოსავლეთიდან, რადგან მოსახლეობა მხოლოდ აქედან მოდიოდა და ხეობის მაგისტრალიც ამ მხარეზე გადიოდა. ისტორიული ხევის მაშინდელი ცენტრიც დღევანდელი რაიონული ცენტრის ადგილას უნდა ყოფილიყო. მაშინ აქ მდინარე თერგის მარცხენა მხარეს, სოფელი გერგეტი იყო, ხოლო მეორე მხარეს - სოფელი სტეფანწმინდა. სამების ტაძარი გერგეტს ეკუთვნოდა და ამიტომაც მას გერგეტის სამებას ეძახიან. გერგეტის სამება საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარია.
გერგეტის სამება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკულტო ნაგებობაა საქართველოს მთიანეთში. აქ არა მარტო ქართველი მთიელები, არამედ ჩრდილო კავკასიის და რუსეთის შორეული ადგილებიდანაც მოდიოდნენ სალოცავად. იგი ხევის უმთავრესი სალოცავია.
გერგეტის სამების ირგვლივ საკმაოდ დიდი ლიტერატურაა, მაგრამ მასში უშუალოდ ძეგლს მთლიანად არ იხილავენ. ისტორიული წყაროებიდან ვახუშტის ცნობაა ამჟამად ჩვენთვის საინტერესო. იგი წერს: „სტეფანწმინდის... დასავლით არის გერგეთი, არაგვს იქით კიდესა. ზეით ამისსა არს, მყინვარის კალთასა ზედა, მონასტერი სამებისა, გუმბათიანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაც ესვენა ნინოს ჯვარი, მშვენიერვაშენი, შვენიერს ადგილს“.
საუკუნეების განმავლობაში სამებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული მოხევეების ცხოვრება. ტაძარზე მიშენებული სპეციალური ნაგებობა - „საბჭეო“ ჰქონდა. ტაძრის აგების დროიდანვე აქ იწერებოდა და ინახებოდა გერგეტის მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“, რომელიც არა მარტო ხევის ისტორიის უმნიშვნელოვანეს ფაქტებს შეიცავს, არამედ საქართველოს ისტორიის მრავალ საკვანძო საკითხსაც ნათელს ჰფენს. სამება „მცხეთის სამკაულის სახიზარსაც წარმოადგენდა“. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართული ქრისტიანობის ერთ-ერთი უწმინდესი რელიქვია - წმ. ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს იგი მცხეთის სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა.
ამასთან, სხვა ცნობების მიხედვით სამება მონასტერი იყო. ადგილზე შემორჩენილია ტაძარი, სამრეკლო და ყორედ ნაწყობი გალავანი. მონასტრისათვის საჭირო ნაგებობები არ შერჩენილა.
გერგეტის ანსამბლის არც ერთ ნაგებობას დამათარიღებელი წარწერა არა აქვს და ძეგლის შესახებ არსებულ საკმაოდ უხვ ისტორიულ დოკუმენტებშიც არ არის აღნიშნული მისი აგების დრო და ვითარება. გერგეტის სამების ტაძრის ხუროთმოძღვრულ-სტილისტიკური ანალიზი საშუალებას იძლევა იგი XIV საუკუნის პირველი ნახევრით დათერიღდეს, ხოლო ისტორიული წყაროების ურთიერთ შეჯერების შედეგად მისი თარიღის უფრო დაზუსტებაც ხერხდება: ტაძარი წარმოადგენს XIV საუკუნის 30-იანი წლების ნაგებობას.
გერგეტის სამების ტაძარს დასავლეთის მხარეზე აქვს შესასვლელი, რომელშიაც შებმულია რკინაგადაკრული ხის კარი. კარზე ჯვარია გამოსახული და ზედ გამწკრივებულია „საყარაულო რგოლები“. ტაძარს „საბჭოდან“ (ე.ი. სამხრეთის მხრიდან) აქვს კიდევ ერთი კარები, რომელსაც ხალხური გადმოცემით „სამეფო კარები“ ეწოდებოდა. ტაძრის აშენებიდან, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ქართველი მეფეები ჩამოდიოდნენ გერგეტის წმ. სამებაში და სამეფო გვირგვინს აქ იდგამდნენო, ე. ი. აქ ხდებოდა სამეფო გვირგვინის კურთხევა. მეფეები თურმე ამ სამხრეთის კარიდან შედიოდნენ ტაძარში და ამავე კარიდან გამოდიოდნენ. ამიტომ ხალხმა ამ კარებს „სამეფო კარი“ უწოდა.

გელათი

გელათი

გელათის კომპლექსი მდებარეობს იმერეთში, ქ. ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მე-11 კილომეტრზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. გელათის არქიტექტურული ანსამბლი რთულია და მრავალფეროვანი. აქ სხვადასხვა დროისა და დანიშნულების ბევრი ძეგლი დგას: ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, აკადემია, გალავანი. პირველ რიგში განვიხილავთ ამ ანსამბლის მთავარ ნაგებობას, ღვთისმშობლის ტაძარს.
მრავალი თაობის ხუროთმოძღვართა მიერ შექმნილ გელათის ნაგებობებს ანსამბლურობა ახასიათებს. ბედნიერ შემთხვევად უნდა ჩაითვალოს ის გარემოებაც, რომ გელათის მთავარ ნაგებობებს დიდი ცვლილება არ განუცდიათ ჟამთასვლისაგან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გელათის ანსამბლი, დაცულობის მხრივ, საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთია. ანსამბლის მთავარი ნაგებობა, ტაძარი, ქართული ძეგლების იმ მცირე რიცხვს ეკუთვნის, რომელთა ამგების ღვაწლიც ისტორიას არ დაუკარგავს. ეს გარემოება ყოველი დროის მკვლევარს საქმეს უადვილებს; თარიღის ძიება საჭირო აღარ არის.
ცნობას გელათში სამონასტრო ცენტრის შექმნისა და იქ ტაძრის აგების შესახებ ვხვდებით დავით აღმაშენებლის ანდერძში: „დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვსაც ტკივილი სამარადისო, აწ შვლმან ჩემმან მეფემან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ“. სხვა წყაროებიდან კი ვიგებთ, რომ დავითმა 1106 წელს წამოიწყო მშენებლობა. ეს კარგად აქვს გადმოცემული დავით აღმაშენებლის ისტორიკოსსაც. იგი წერს: „მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა რომელიცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცა გარდაართხა ტაძარი ყოვლად წმინდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა“. შემდეგ მემატიანე წერს, თუ როგორ ააყვავა ეს სამოთხის დარი ადგილი მეფემ და აღმოსავლეთის „მეორე იერუსალიმში“ როგორ მოუყარეს თავი საქართველოსა და უცხოეთში მყოფ ქართველ მოღვაწეებს, მეცნიერებას, სხვადასხვა დარგის მოაზროვნეებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მათ შორის იყო ბრწყინვალე ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი. ყველა ეს პიროვნება მოღვაწეობდა სწორედ გელათის აკადემიაში. ამასთან ერთად ისიცაა აღსანიშნავი, რომ იმავე ისტორიკოსის ცნობით, გელათი ხდება მეფეთა სამარხად. აქ მიაბარეს მიწას დიდი დავითი, მისი შვილი დემეტრე, გიორგი მესამე და სხვა მრავალი.
როგორც ამონაწერიდან ჩანს, დავითმა 1106 წელს წამოწყებული მშენებლობის დამთავრება თავის სიცოცხლეში ვერ მოასწრო, სიკვდილის შემდეგ (1125 წ.) კი საქმიანობა მისმა შვილმა დემეტრემ გააგრძელა.
რა და რა ააგო კონკრეტულად დავითმა, ან დიდი ტაძარი სადამდე მიიყვანა, წერილობითი წყაროებით ზუსტად არ იმიჯნება, მაგრამ ძირითადად ცნობილია, დემეტრეს ტაძრის კონქი მოზაიკით მოურთავს.
გელათი მომდევნო საუკუნეებშიც წამყვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ამავე დროს, შეიძლება თამამად ითქვას, რომ გელათი იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი განძსაცავი. აქ ბევრი ორიგინალური ნაწარმოები შექმნილა. მის კედლებს არაერთი ხელნაწერი და ოქრომჭედლობის ნიმუში შეუფარებია და დაღუპვას გადაურჩენია.
XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XII-XIII ს-ში გელათის მონასტრის მფლობელობაში ითვლებოდა ვრცელი მიწა წყალი, მეურნეობაში წამყვანი იყო მიწათმოქმედება, განვითარებული მევენახეობა, ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა.
XIII საუკუნის II ნახევარსა - XV საუკუნეში ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიური დაკნინების გამო გელათის მონასტრის ეკონომიური და კულტურული ცხოვრება შეფერხდა. მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა გიორგი ბრწყინვალემ.

ბეთანია

ბეთანია

ბეთანია ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ბრწყინვალე არქიტექტურული ძეგლია. მისი კედლები დაფარულია საუკეთესო ფრესკული მხატვრობით, რომელსაც ამშვენებს თამარის სახე. იგი თბილისიდან დასავლეთით 17 კილომეტრის მანძილზე, მდინარე ვერეს ხეობაში მდებარეობს, რომლის ირგვლივ წარმტაცი ბუნებაა. ამიტომაცაა, რომ ეს ადგილი უამრავ მნახველს იზიდავს.
ტაძარი კონცხზე დგას. ჩრდილოეთით, ქვემოთ, ღრმა და ვიწრო ხეობაში, მდინარე ვერე მიედინება, რომელსაც მარჯვნიდან სამადლოდან მომავალი მთის პატარა მდინარე უერთდება. მათ შუა მდებარე შემაღლებაზე აღმართული ტაძარი შემორკალულია მაღალი მთებით.
მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, რამდენიმე ნაბიჯზე მდებარეობს წმ. გიორგის სახელობის მცირე დარბაზული ეკლესია, აგებული 1196 წელს. იგი გარედან კარგად თლილი ქვითაა მოპირკეთებული.
ტაძრის ირგვლივ ოდესღაც განლაგებული სამონასტრო ნაგებობებიდან აღარაფერია დარჩენილი. ახალი აგებულია სამხრეთ-დასავლეთით ორსართულიანი შენობა. მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, რამდენიმე ნაბიჯზე მდებარეობს წმ. გიორგის სახელობის მცირე დარბაზული ეკლესია, აგებული 1196 წელს. იგი გარედან კარგად თლილი ქვითაა მოპირკეთებული.
ტაძრის ძველ გალავანს ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ შემდეგში ეზო სხვადასხვა ნაგებობის ფრაგმენტებით შემოუფარგლავთ. აქ ნახავთ ქვის შენობათა ჩუქურთმიან ფრაგმენტებს, რომლებიდანაც, ზოგი ტაძრის თანადროულია, ზოგი კი გვიანდელ ხანას მიეკუთვნება. ასეთ დიდებულ ტაძარს სატრაპეზო და სენაკებიც სათანადოდ მორთული უნდა ჰქონოდა.
ძეგლის შესახებ XIX და XX საუკუნეების საკმაო ლიტერატურა არსებობს, მაგრამ მათში უშუალოდ ტაძრის შესახებ ცოტა რამ არის ნათქვამი. ბეთანია ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი ფეოდალების - ორბელიანების - საგვარეულო საძვალეს. ტაძრის ხელახლა აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს უკავშირდება. ამ უკანასკნელმა ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო. XIX საუკუნის ბოლოს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა.
ბეთანიის მონასტრის დაარსებისა და ან მთავარი ტაძრის აგებაზე ისტორიული ცნობები არ მოგვეპოვება, გარდა ერთისა, სადაც ვახუშტი ბაგრატიონი ბეთანიას ორიოდე სიტყვით იხსენებს და სწორ თარიღს იძლევა. იგი წერს, რომ ვერეს ხევზე არის ლასტის ციხის „ქვით, სამპრით, ყოვლად წმიდის მონასტერი ბეთანია, გუმბათიანი, მაგარს ადგილს, თამარ მეფის აღშენებული, აწ ხუცის სამარ. მუნ ერთვის ვევი ვერეს სამადლოდამ“.
თანამედროვე სპეციალურ ლიტერატურაში ტაძრის აგების თარიღს ისტორიულ პორტრეტებს უკავშირებენ. მოკლე ისტორიული ექსკურსით ვეცდებით კონკრეტული თარიღის დადგენას.
ტაძრის ჩრდილოეთის კედლის ქვედა რეგისტრზე განლაგებულია მეფეების - ლაშა-გიორგის, თამარისა და გიორგი მესამის გამოსახულებები. ამ კომპოზიციას ორივე მხარეს ამთავრებს წმინდანთა სახეები. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სამივეს გვირგვინი ადგას და ამასთანავე, ლაშას ხმალი ჰკიდია. ხმლის ჩამოკიდება, თავისთავად, მეფედ კურთხევას ნიშნავს. ე.ი. ამ მხატვრობის შესრულებისას ლაშა უკვე მეფე იყო. ისტორიული ცნობებით კი დადგენილია, რომ ლაშა თამარმა თავის „თანამოსაყდრედ“ გაიხადა 1207 წელს (მეუღლის - დავით სოსლანის სიკვდილის შემდეგ). ბეთანიის კედლების მოხატვა იმავე წელს თუ არა, ახლო წლებში მოხდებოდა.
რაც შეეხება თვით ტაძარს, ინტერიერში კედლების მოხატვის დაწყებისას შენობა დამთავრებული უნდა ყოფილიყო. ასეთი დიდი ტაძრის აგებას 5-10 წელი მაინც დასჭირდებოდა. აქედან გამომდინარე ეკლესიის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო არა უგვიანეს XIII საუკუნის პირველი წლებისა. თუ ნაგებობის არქიტექტურული პროექტის შედგენასაც მივიღებთ მხედველობაში, მაშინ მშენებლობის დაწყების დროდ XII საუკუნის მიწურული, დამთავრებისად კი - XIII საუკუნის პირველი ათეულის მეორე ნახევარი უნდა მივიჩნიოთ. ე.ი. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ბეთანიის ეკლესია აშენებულია XII საუკუნის ბოლოს და XIII საუკუნის პირველ ნახევარში.
ბეთანიის ტაძრის ძირითადი კორპუსის გეგმა გარე სწორკუთხედშია მოქცეული, ხოლო დამატებითი სადგომები სამხრეთით და დასავლეთით მდებარეობს. ტაძარში ორი შესასვლელია - დასავლეთიდან და სამხრეთიდან (პირველი ამჟამად თითქმის გაუქმებულია მონაშენის გამო), ინტერიერის მთავარ და რთულ ნაწილს საკურთხევლის მხარე წარმოადგენს. იგი, როგორც ყველა ამ ტიპის ძეგლი, ცენტრალური ღია ნაწილისა და გვერდითი კომპარტიმენტებისაგან შედგება, ხოლო ცენტრალური ნაწილი - ღრმა აფსიდისა და განიერი ბემისაგან. მთლიანად ამ საკურთხეველს ერთი განიერი საფეხური შემოუყვება ჩამოსასხდომად. იქვე, ცენტრში, ნიშია მოთავსებული. განათების წყაროს წარმოადგენს სამი სარკმელი, რომელთაგან ცენტრალური მაღალია, გვერდითები კი - დაბალი.
საკურთხევლის გვერდის კომპარტიმენტები ორ-ორსართულიანია. ქვემოთ მოთავსებულია სამკვეთლო და სადიაკვნე, ზემოთ კი ე.წ. საიდუმლო ოთახები. სამკვეთლო და სადიაკვნე დარბაზს განიერი შესასვლელებით უკავშირდება, ხოლო საკურთხეველს - შედარებით ვიწრო კარებით. ეს სათავსები აფსიდებით მთავრდება და კამარებითაა გადახურული. გვერდით კედლებში პატარა ნიშებია მოთავსებული. ტრაპეზი არ შემორჩენილა. სინათლისათვის ორივეს თითო სარკმელი აქვს აღმოსავლეთიდან, ხოლო სადიაკვნეს სამხრეთიდანაც აქვს პატარა მრგვალი სარკმელი. მეორე სართულზე მოხვედრა შეიძლება სადიაკვნეს ჩრდილო კედელში ჩატანებული ხვრელით (გვიან, შეკეთების დროს, იგი ამოუქოლავთ). ასევე მეორე სართულიდან კიბით შეიძლება მოხვდეთ კონქსზედა სივრცეში. ამ სათავსს აღმოსავლეთით გამოჭრილი პატარა სარკმელი ანათებს.

ატენის სიონი

ატენის სიონი

ატენის სიონი მდებარეობს შიდა ქართლში, გორის რაიონში გორიდან 12 კილომეტრის მოშორებით, მდინარე ტანის მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე. თარიღდება VII საუკუნის მეორე ნახევრით.
ტაძრის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოიკვეთა თავდაპირველი ბაზილიკის ნაშთი. იგი VII საუკუნის გუმბათიანი სიონის ქვეშ არის მოქცეული. გაირკვა, რომ გრანდიოზულ სუბსტრუქციაზე თავდაპირველად, V საუკუნეში ბაზილიკური ტიპის ეკლესია მდგარა, რომლის ნაადგილარზეც, VII საუკუნის მიწურულს ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობა აღუმართავთ ქართლის ერისმთავრებს ნერსესა და მის ძეს სტეფანოზ მამფალს.
ატენში არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ბაზილიკური ნაგებობის არსებობა დადასტურებულია წერილობითი წყაროებითაც, რის შესახებაც ცნობებს გვაწვდის სირიული ეპისტოლე, რომელიც ბეით მარ ისააკ გაბულელის მონასტრის წინამძღვარ თომას ეკუთვნის. ამ დოკუმენტის მიხედვით, ამავე მონასტრის ეპისკოპოსი სვიმეონი VI საუკუნის 40-50-იან წლებში ჩასულა საქართვალოში, ტანას მონასტერში და იქ არსებული კომფენსიონალური დარღვევების გამო, შეკრებილ ეპისკოპოსებს ანათემაზე გადაცემით დამუქრებია.
ზუსტი ცნობები იმის შესახებ თუ რა მოხდა ატენის საეპისკოპოსოში, კრების შემდგომ, ცნობილი არ არის. და ვინ იცის რა ბედი ეწია მაშინ ტაძარს? ძირფესვიანად დანგრეული ბაზილიკის ნაშთი იქნებ მკაცრი საეკლესიო განაჩენის შედეგი იყო.
ყოველივე ამის მიუხედავად, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ VI საუკუნეში ატენში უკვე არსებობს ისეთი დიდი ტაძარი, სადაც საეპისკოპოსო კრების მოწყობა იყო შესაძლებელი.
ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხეა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენიებული არიან ისტორიული და სხვადასხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც; ისინი მდიდარ მასალას გვაძლევენ საქართველოს ისტორიულ კულტურული ენისა თუ პალეოგრაფიის მთელი რიგი საკითხების კვლევისათვის.
ატენის სიონში არსებულ წარწერათა შესწავლის საფუძველზე გაირკვა, რომ მეფე ბაგრატ I-მა (937-945წ) სიგელით მისცა მიქაელ ბაღვაშს 940 წელს ატენის ქვეყანა, რის შესახებაც გვამცნობს ტაძრის ინტერიერში ამოკვეთილი ნუსხური შრიფტით შესრულებული დიდი ზომის ერთსტრიქონიანი წარწერა: „ქ. ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე მ(იქაე)ლ ბ(ა)ღვაში [მისცა] [ბა] გ(რა)ტ მ(ე)ფ(ე)მ სიგელი ქ(რონონიკონ)ს რ“. აქედან გამომდინარე, ბაგრატ I ან კეთილგანწყობილ დამოკიდებულებაში ყოფილა მიქაელ ბაღვაშთან, ან ქვეყანაში შექმნილი შიდა პოლიტიკური სიტუაცია აიძულებდა ატენის ქვეყანა ბაღვაშთათვის დაეთმო.
მიქაელ ბაღვაშის ღვაწლი დიდია ატენის ქვეყანის განვითარებაში, მისი ბრძანებითა და დაფინანსებით აუშენებიათ ზღუდე ატენის სიონისათვის 945 წელს. ამ მოვლენის შესახებ ზღუდის მშენებლობის სარქალს (სამუშაოთა ზედამდგომელს) ტაძრის აღმოსავლეთის ფასადზე ორი წარწერა ამოუკვეთავს. სამხრეთის ფასადზე გამოსახული ორფიგურიანი ქტიტორული ქანდაკებიდან ერთი მათგანი სწორედ ეს დიდი ფეოდალია, რასაც გვაუწყებს წარწერა: „ქრისტე ადიდე ერისთავი მიქაელ ესე ზღუდეშექმნა“.
X საუკუნის დასასრულს ბაღვაშთა ფეოდალური სახლის ქტიტორობით ატენის სიონში ჩატარებულა ფართო სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის დროსაც არაერთი სკულპტურა განუახლებიათ და ახლით შეუცვლიათ. ატენის სიონის მეორე სამშენებლო პერიოდის კუთვნილია რელიეფთა დიდი ნაწილი და მათი საერთო რაოდენობა ოცდაორია. X საუკუნის მრავალრიცხოვან ქანდაკებათა შორის ცამეტი საერო პირია გამოსახული. (მათ შორისაა სომეხი რესტავრატორის თოდოსაკისა და მისი ამქრის ოსტატ-ხელოსანთა პორტრეტულ-რელიეფური ქანდაკებებიც). ამასთანავე ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტების შემცველი რამდენიმე რელიეფი.
საყურადღებოა, ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე დავით გარეჯელის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტი, სადაც დავითის განუყრელი მოწაფე ლუკიანე სასწაულებრივად მოვლენილ ირემს წველის. ეს რელიეფი ეროვნებით სომეხი რესტავრატორის თოდოსაკის მიერაა ხელმოწერილი და X საუკუნით თარიღდება.
X საუკუნის 80-იან წლებში ატენის ქვეყანის მფლობელ ბაღვაშთა ფეოდალურ სახლს მეთაურობს ერისთავთ-ერისთავი რატი I, რომელსაც მოუწვევია ატენის სიონში სარესტავრაციო სამუშაოების საწარმოებლად ეროვნებით სომეხი რესტავრატორი თოდოსაკი და მისი ამქარი ოსტატების: გერგიუმ ერჰასანის ძისა და გრიგოლ დაპსის შემადგენლობით. სწორედ ამ რატი I-ის ქტიტორული ქანდაკებაა წარმოდგენილი ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ეკლესიის მოდელით ხელში, ხოლო გვერდით არსებულ რელიეფზე მისი ძე ლიპარიტი გამოუსახავთ.

არტანუჯი

არტანუჯი

არტანუჯის ციხის აგება მიეწერება ვახტანგ გორგასალს. ჯუანშერის გადმოცემით, როცა მეფე კლარჯეთიდან ქართლში მოდიოდა, სოფელი უხილავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „არტანუჯს“ უწოდებდა. მეფეს მოსწონებია სოფლის სტრატეგიული მდებარეობა და ძუძუმტისათვის - არტავაზისათვის აქ ციხია აგება უბრძანებია. არტავაზმაც „აღაშენა ციხე არტანუჯისა“, რომელიც გახდა ერისთავთა რეზიდენცია და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძლიერი ცენტრი.
მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში არატნუჯის ციხე დიდ როლს ასრულებს კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოგვიანებით იგი უკვე ქალაქად მოიხსენიება. არტანუჯი მდებარეობდა დიდ სავაჭრო მაგისტრალზე და ამიერკავკასიას, ბიზანტიასა და შავი ზღვის ქვეყნებთან აკავშირებდა, აქ გადიოდა სამშვილდე-ფარავანი-ახალქალაქი-არტაანი-არტანუჯის გზა. სწორედ ამ გზის საშუალებით უკავშირდებოდა სომხეთის ქალაქები შავ ზღვასა და დასავლეთ საქართველოს.
მერვე საუკუნის 30-იან წლებში, მურვან ყრუმ ტაო-კლარჯეთი და არტანუჯის ციხე ააოხრა. ამის შემდეგ 80 წლის განმავლობაში იგი მიტოვებული და გავერანებული იყო. მემატიანის ცნობით, მიდამო ტყით დაიფარა.
მალე კლარჯეთში ბაგრატიონები მკვიდრდებიან, ტაოში სამონასტრო მშენებლობა იწყება. მე-9 საუკუნეში აშოტ კურაპალატმა არაბობისგან გაპარტახებული კლარჯეთი აღადგინა და ხელახლა დაასახლა. სუმბათ დავითის ძე გვიამბობს: „პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველ ვახტანგ გორგასალსა ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი და აოხრებულ იყო ბაღდადელისა მიერ ბრბოთგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა აგრეთვე ციხედ... და აღაშენა ციხეს ამას შინა ეკლესია წმიდათ მოციქულთა პეტრესი და პავლესი და შექმნა მას შინა საფლავი თვისი და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად“.
მე-9 საუკუნიდან არტანუჯი ხდება დიდი ქალაქი - აქვს რაბატი, ანუ გარეუბანი, დაბა ქალაქი. მე-11 საუკუნეში ბიზანტია-საქართველოს ომში ციხე დიდ როლს თამაშობს და ანტიბიზანტიური კოალიციის ცენტრი ხდება. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში არტანუჯს თურქ-სელჩუკები აოხრებენ. მე-12 საუკუნეში არტანუჯი კვლავ მოღონიერდა, შემდეგ მონღოლთა ბატონობასაც გაუძლო. მე-16 საუკუნეში არტანუჯი ისევ თურქთა ხელშია. 1552 წელს, ისქანდერ-ფაშამ დაიპყრო ციხე და სულთნის ტახტს დაუქვემდებარა. შეიქმნა გურჯისტანის ვილაიეთი და არტანუჯი ამ პროვინციის შემადგენლობაში შევიდა.
მე-18 საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: „არს არტანუჯი ქალაქი მცირე და ციხე მაგარი“.
1878 წელს, სან-სტეფანის ზავით, რუსეთმა შეიერთა ოსმალეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის ტაო-კლარჯეთი.
1918-21 წლებში, ტაო-კლარჯეთი საქართველოს საზღვრებში რჩებოდა. 1921 წელს, საბჭოთა ანექსიის შემდეგ, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე, სსრკ-მ თურქეთს გადასცა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთ ნაწილი ართვინისა და არდაგანის ოლქები. არტანუჯი თურქეთში მოექცა.
არტანუჯი ახლა ართვინის ოლქს ექვემდებარება, აერთიანებს 50 სოფელს, 50 ათასამდე მოსახლით. დაბა არტანუჯში 6 ათასამდე კაცი ცხოვრობს.
„არტანუჯი და ართვინი განლაგებულნი არიან ისეთ ციცაბო ფერდობებზე, რომ გიკვირს, ნუთუ ასეთ ადგილას შეიძლებოდა ქალაქების განვითარება“, - წერდა 1879 წელს დიმიტრი ბაქრაძე, რომელმაც არტანუჯის ციხე მოინახულა.
არტანუჯის ციხე მართლაც ისეთ ადგილასაა, მისი მფლობელი მიმდებარე გზებსა და ხეობებს იოლად გააკონტროლებდა. ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუ ციხეზე ახვალთ. ციხე უძირო ხეობებს გადაჰყურებს.