გერგეტის სამება
გერგეტის
სამების ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში, დაბა სტეფანწმინდის
(ყაზბეგი) ჩრდილოეთით, მდინარე თერგის შენაკად ჩხერის მარჯვენა ნაპირზე,
ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მთის მწვერვალზეა აღმართული.გერგეტის სამება ლანდშაფტთან შერწყმით და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს ძველი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი სიამაყეა. ტაძრისა და სამრეკლოსათვის თერგის ხეობაში ისეთი მაღალი მთაა შერჩეული, რომელსაც ფონად მყინვარწვერი აქვს. ამ თეთრ ფონზე ნაგებობათა სილუეტები კარგადაა გამოკვეთილი. ავტორისათვის მთავარი იყო ხედი აღმოსავლეთიდან, რადგან მოსახლეობა მხოლოდ აქედან მოდიოდა და ხეობის მაგისტრალიც ამ მხარეზე გადიოდა. ისტორიული ხევის მაშინდელი ცენტრიც დღევანდელი რაიონული ცენტრის ადგილას უნდა ყოფილიყო. მაშინ აქ მდინარე თერგის მარცხენა მხარეს, სოფელი გერგეტი იყო, ხოლო მეორე მხარეს - სოფელი სტეფანწმინდა. სამების ტაძარი გერგეტს ეკუთვნოდა და ამიტომაც მას გერგეტის სამებას ეძახიან. გერგეტის სამება საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარია.
გერგეტის სამება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკულტო ნაგებობაა საქართველოს მთიანეთში. აქ არა მარტო ქართველი მთიელები, არამედ ჩრდილო კავკასიის და რუსეთის შორეული ადგილებიდანაც მოდიოდნენ სალოცავად. იგი ხევის უმთავრესი სალოცავია.
გერგეტის სამების ირგვლივ საკმაოდ დიდი ლიტერატურაა, მაგრამ მასში უშუალოდ ძეგლს მთლიანად არ იხილავენ. ისტორიული წყაროებიდან ვახუშტის ცნობაა ამჟამად ჩვენთვის საინტერესო. იგი წერს: „სტეფანწმინდის... დასავლით არის გერგეთი, არაგვს იქით კიდესა. ზეით ამისსა არს, მყინვარის კალთასა ზედა, მონასტერი სამებისა, გუმბათიანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაც ესვენა ნინოს ჯვარი, მშვენიერვაშენი, შვენიერს ადგილს“.
საუკუნეების განმავლობაში სამებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული მოხევეების ცხოვრება. ტაძარზე მიშენებული სპეციალური ნაგებობა - „საბჭეო“ ჰქონდა. ტაძრის აგების დროიდანვე აქ იწერებოდა და ინახებოდა გერგეტის მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“, რომელიც არა მარტო ხევის ისტორიის უმნიშვნელოვანეს ფაქტებს შეიცავს, არამედ საქართველოს ისტორიის მრავალ საკვანძო საკითხსაც ნათელს ჰფენს. სამება „მცხეთის სამკაულის სახიზარსაც წარმოადგენდა“. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართული ქრისტიანობის ერთ-ერთი უწმინდესი რელიქვია - წმ. ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს იგი მცხეთის სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა.
ამასთან, სხვა ცნობების მიხედვით სამება მონასტერი იყო. ადგილზე შემორჩენილია ტაძარი, სამრეკლო და ყორედ ნაწყობი გალავანი. მონასტრისათვის საჭირო ნაგებობები არ შერჩენილა.
გერგეტის ანსამბლის არც ერთ ნაგებობას დამათარიღებელი წარწერა არა აქვს და ძეგლის შესახებ არსებულ საკმაოდ უხვ ისტორიულ დოკუმენტებშიც არ არის აღნიშნული მისი აგების დრო და ვითარება. გერგეტის სამების ტაძრის ხუროთმოძღვრულ-სტილისტიკური ანალიზი საშუალებას იძლევა იგი XIV საუკუნის პირველი ნახევრით დათერიღდეს, ხოლო ისტორიული წყაროების ურთიერთ შეჯერების შედეგად მისი თარიღის უფრო დაზუსტებაც ხერხდება: ტაძარი წარმოადგენს XIV საუკუნის 30-იანი წლების ნაგებობას.
გერგეტის სამების ტაძარს დასავლეთის მხარეზე აქვს შესასვლელი, რომელშიაც შებმულია რკინაგადაკრული ხის კარი. კარზე ჯვარია გამოსახული და ზედ გამწკრივებულია „საყარაულო რგოლები“. ტაძარს „საბჭოდან“ (ე.ი. სამხრეთის მხრიდან) აქვს კიდევ ერთი კარები, რომელსაც ხალხური გადმოცემით „სამეფო კარები“ ეწოდებოდა. ტაძრის აშენებიდან, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ქართველი მეფეები ჩამოდიოდნენ გერგეტის წმ. სამებაში და სამეფო გვირგვინს აქ იდგამდნენო, ე. ი. აქ ხდებოდა სამეფო გვირგვინის კურთხევა. მეფეები თურმე ამ სამხრეთის კარიდან შედიოდნენ ტაძარში და ამავე კარიდან გამოდიოდნენ. ამიტომ ხალხმა ამ კარებს „სამეფო კარი“ უწოდა.
No comments:
Post a Comment