ტაძრები საზღვარგარეთ


იერუსალიმის ჯვრის მონასტერი

бѓ˜бѓ”бѓ бѓЈбѓЎбѓђбѓљбѓ˜бѓ›бѓ˜бѓЎ бѓЇбѓ•бѓ бѓ˜бѓЎ бѓ›бѓќбѓњбѓђбѓЎбѓўбѓ”бѓ бѓ˜მონასტრის ისტორია
XI საუკუნის შუა წლებში პალესტინაში მდგომარეობა ნაწილობრივ შეიცვალა, შეიქმნა ერთგვარი პირობები სამონასტრო ცხოვრებისათვის. იმ დროისათვის ქართველი მოღვაწეები მრავლად იყვნენ იერუსალიმისა თუ მისი შემოგარენის ეკლესია-მონასტრებში, მაგრამ არ არსებობდა მძლავრი ცენტრი, რომელიც უხელმძღვანელებდა პალესტინის სავანეებში გაფანტულ ქართველობას. სათავეში ჩაუდგებოდა და ორგანიზებულად წარმართავდა მის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას. ასეთი ცენტრის არ არსებობა მწვავედ იგრძნობოდა, მით უფრო, რომ საჭირო იყო წინაპრების ღვაწლის წარმოჩენა და ქართველთა უფლებების დაცვა ე.წ. წმიდა ადგილებზე. ამასთანავე, საქართველოს პოლიტიკურმა აღმავლობამ განაპირობა ქართველ მეფე-დიდებულთა მეტი ყურადღება პალესტინისა და იქ მოღვაწე ქართველთა ბედისადმი. ყოველივე ამან მოამწიფა საკითხი ახალი სავანის დაარსებისა და, მართლაც, იერუსალიმის ახლოს აშენდა ჯვრის მონასტერი, სადაც თავი მოიყარა ქართველთა დიდმა ჯგუფმა. იგი იქცა პალესტინელი ქართველების მთავარ შესაკრებ პუნქტად და პილიგრიმთა საიმედო თავშესაფრად, იერუსალიმისა და მისი სანახების სავანეებში მოსახლე ქართველთა რელიგიური და კულტურული მოღვაწეობის ცენტრად, მწიგნობრულ-შემოქმედებითი მუშაობის მნიშვნელოვან კერად.
ჯვრის მონასტერი ადრე იერუსალიმიდან ოდნავ მოშორებით იდგა, სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, ახლა კი ქალაქის გაზრდის შედეგად მის ტერიტორიაზეა, ახალ კვარტალთა შუაგულში, ზეთისხილის ბაღნარში.


„ჯვრის მონასტერი არის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი პალესტინაში. იგი არსებითად მთელი ციხე-ქალაქია, რომელიც მაღალი ზღუდით არის შემოზღუდული. ზღუდის შიგნით მოთავსებულია მეტად რთულ ნაგებობათა კომპლექსი სამ და ოთხ სართულად, მრავალრიცხოვანი სათავსებით, რომელთა რაოდენობა დღესაც ორას სამოცდაათს აღწევს. მონასტრის ძირითად ტაძარს უჭირავს ფართობი 27,5მx15,2მ ზომისა (418 კვ. მეტრი). იგი წარმოადგენს ოთხ სვეტზე დაყრდნობილ თაღებს და ბოლოვდება გუმბათით. სვეტების განია დაახლოებით 1,42მx1,43მ. მონასტერი ერთ დროს მთლიანად დაფარული ყოფილა ფრესკებით."
ადგილი, სადაც ჯვრის მონასტერი აშენდა, მიჩნეული იყო წმიდა ადგილად, რადგან ცნობილი გადმოცემით, რომელიც სხვადასხვა ვარიანტითაა გავრცელებული ქრისტიანულ სამყაროში, იქაური ხისგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც აცვეს ქრისტე. ეს გადმოცემა იერუსალიმელ ქართველთა წრეში ადრევე გავრცელდა. ამას მოწმობს ჯვრის მონასტრის დამაარსებლის მინაწერი (1038 წ.) ერთ ხელნაწერზე: „ღირს ვიქმენ მე, გლახაკი და ფრიად ცოდვილი გიორგი-პროხორე, სახელად ოდენ მღდელი, ხოლო საქმითა არა ღირსი, რომლითა შემძლებელ ვიქმენ უძლურებითა და სიგლახაკითა შემითა აღშენებად წმიდისა ამას ცხოველსმყოფელისა ჯუარისა ადგილისა". ჩვენთვის საინტერესო საკითხზე ესაა უძველესი წერილობითი ცნობა ქართულ წყაროებში. შემდეგ ხანაში გადმოცემა ჯვრის მონასტრის ადგილზე (სხვადასხვა ვარიანტით) არაერთი ქართველის ჩანაწერებში გვხვდება. დასავლურ წყაროებში იგი ცნობილია XII საუკუნიდან. კარგად იცნობენ მას სლავი მოღვაწენიც. საგულისხმოა, რომ ამ გადმოცემამ ჩვენს დრომდეც მოაღწია. უცილობელია, ამ გადმოცემამ შეუწყო ხელი ჯვრის მონასტრის პოპულარობას; იგი პალესტინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმიდედ ითვლებოდა და მრავლად იზიდავდა პილიგრიმებს, რომელთა ჩანაწერებში უხვად ვხვდებით ცნობებს პალესტინელ ქართველთა ცხოვრება-მოღვაწეობაზე.
ჯვრის მონასტრის ადგილის შესახებ გავრცელებული გადმოცემა და ცნობები ახალი ქართული სავანის დაარსების ისტორიაზე შედარებით სრული სახით შემოგვინახა ტ.გაბაშვილმა. მის „მიმოსვლაში" ვკითხულობთ: „უკეთუ გენებოს ცნობად, თუ ქართველნი ვითარ იპყრობდნენ იერუსალიმს, ესრეთ ვპოვენით მუნ წერილთა შინა. რამეთუ პირველი ქრისტიანე ქმნილი მეფე საქართველოსა მირიან ხოსროიანი ნინოს მიერ წარმოვლენილ არს, მეფე კონსტანტინე უხილავს და იერუსალიმად მისრულ არს და ჯვარისა მონასტრის ადგილი მას უშოვნია. რამეთუ ესე არს ადგილი იგი, რამეთუ ლოთ სამი ხე - სარო, ფიჭვი და ნაძვი - დანერგვა სასწაულად, უკეთუ მიეტეოს ცოდვა იგი, და სამივე ერთ ხე დიდ აღმოხდა. ამისა შემდგომად მოსჭრა იგი სოლომონ შენებასა ტაძრისასა, არამედ უქმად გამოჩნდა სახმარება მისი მუნ, და მდებარე იყო საჯდომად კაცთა გარე. ხოლო ჯვარცმასა უფლისასა, განგებითა ზენათათა მას ზედა აცვეს უფალი. რამეთუ მონაკვეთი ხისა მის ძირი ქვეშე წმიდისა ტრაპეზისა დღესამომდე ჩანს. ხოლო ამისა შემდგომად სულიერი ვინმე მონაზონი შავთელი, სახელად პროხორე, მოსრულ არს მონასტერსა და ლავრასა წმიდისა საბასსა დაყუდებულა. და მეფესა საქართველოსასა ბაგრატ კურაპალატს საფასე დიდძალი წარმოუცემია ღირსისა პროხორესათვის, რათამცა ჯვარის მონასტერი აღაშენა, და მას აღუშენებია ჯვარის მონასტერი შესაკრებად ქართველთათვის".
თავის დროზე ამ წმიდა ადგილის ქართველთათვის დასამტკიცებლად ფრიად უღვაწია დიდ ქართველ ხელმწიფეს ვახტნაგ გორგასალს.
როგორც „წმიდა პროხორეს ცხოვრება" მოგვითხრობს, პროხორე იყო „ნათესავით ქართველი, ქუეყანით შავშეთით". ადრევე წავიდა კლარჯეთს და წყაროსთავის მონასტერში დამკვიდრდა, თავის ძმასთან. როდესაც აკურთხეს, შემდეგ „შეიმოსა სახე მონაზონებისაი" და „აკურთხეს ხუცად". მომდევნო ხანაში მას პალესტინაში ვხედავთ, საბას ლავრაში, სადაც გაატარა „წელნი მრავალნი" შემდგომ „მახლობელად იერუსალემს, დასავლით კერძო... აღაშენა და განასრულა და შეამკო ეკლესიაი ყოვლითა სამკაულითა", შემოიკრიბა მოღვაწენი, რომელთაც განუჩინა წესი და კანონი „მსგავსადვე წმიდისა საბაის ლავრისა". მანვე იერუსალიმში ააშენა ქსენადუქი (სასტუმრო). როდესაც „სრულ-ყო ესე ყოველი", დაუძლურდა, სიბერე ეწია. დატოვა „ჯუარისა მონასტერი" - ერთ-ერთი მოწაფე (გიორგი) დაადგინა მამასახლისად, ხოლო თვით ორი მოწაფითურთ წავიდა „უდაბნოსა არნონს", სადაც „შედგომად მცირედისა ჟამისა", 1066 წელს, გარდაიცვალა.

No comments:

Post a Comment