Friday, January 18, 2013

ალავერდი

ალავერდი

ალავერდიალავერდის კომპლექსი მდებარეობს კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ალავერდსი სამხრეთ-აღმოსავლეთით - 200 მეტრზე.
კომპლექსში შედის ტაძარი. გალავანი, სამრეკლო, პალატი, სასახლე, მარანი და აბანო.
 ალავერდში წმ. გიორგის სახელობის ეკლესია VI საუკუნის შუა წლებში ააგო ერთმა ასურელმა მამათაგანმა - იოსებ ალავერდელმა. სავარაუდოა, რომ აქ ძველთაგანვე იყო წარმართული სამლოცველო. XI საუკუნის დასაწყისში, კვირიკე კახთა მეფის დროს, თავდაპირველი პატარა ეკლესიის ნაცვლად აშენდა დიდი ტაძარი, რომელიც საეპისკოპოსო ცენტრად და კახეთის მეფეთა საძვალედ იქცა. ალავერდშია დაკრძალული მისი დამაარსებელი - იოსებ ალავერდელი, ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილი, ალექსანდრე II და მისი ძე გიორგი, რომელთა მკვლელმა - კონსტანტინე I-მა - მამისა და ძმის მოჭრილი თავები l605 წელს შაჰ-აბასს გაუგზავნა. აქ დაკრძალეს 1663 წელს ასტრაბადში გარდაცვლილი მეფე თეიმურაზ I.
ალავერდი მსხვილი ფეოდალურ-საეკლესიო სამფლობელო იყო. მისი ყმა-მამულის უმეტესობა ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა, ნაწილი კი სხვადასხვა სოფელში იყო გაფანტული. XVI საუკუნიდან ალავერდელმა ეპისკოპოსებმა მიტროპოლიტის ტიტული მიიღეს. XVII-XVIII საუკუნეებში ალავერდში, ადრე არსებულ მამათა მონასტერთან ერთად, დედათა მონასტერიც მოქმედებდა, სადაც მონაზვნებად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ.
ალავერდი ლიტერატურული საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა. აქ მოღვაწეობდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობრები: ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVIII ს.), ნიკიფორე ირბახი (XVIII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვა.
XV საუკუნის 80-იან წლებში კახთა მეფემ ალექსანდრე II-მ, დედამისმა ნესტან-დარეჯანმა და დედოფალმა ანამ განაახლეს და მოახატვინეს ალავერდის ტაძარი, უხვად უბოძეს ყმა-მამული. ამ დროს აღადგინეს გუმბათის ყელი და კედლების ცალკეული ნაწილები. 16l4 წელს ალავერდი და მისი მამულები შაჰ-აბას I-მა დაარბია.
XVII საუკუნის შუა წლებში მომთაბარე თურქმანებმა ალავერდის მამულები საძოვრებად აქციეს, ტაძარი და მისი გალავანი ციხე-სიმაგრედ და შიგ ყიზილბაში მეციხოვნეები ჩააყენეს. 1660 წელს აჯანყებული კახელები თავს დაესხნენ ალავერდისა და ბახტრიონის ციხეებს და მთლიანად ამოწყვიტეს იქ გამაგრებული თათრები.
XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ალავერდი ლეკებმა დაარბიეს. 1721 წელს მთავარეპისკოპოს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის თაოსნობით შეკეთდა ტაძარი და გალავანი. 1735 წელს ტაძარი თამაზ-ხანმა მოთხარა. მნიშვნელოვნად დაზიანდა ტაძარი 1742 წლის მიწისძვრის დროს. 1750 წელს ტაძრის განახლება დაიწყო დედოფალმა თამარმა (თეიმურაზ II-ის მეუღლემ) და დაამთავრა მისმა ძემ ერეკლე II-მ. შეაკეთეს მთავარი ნავის კამარა, ჩრდილოეთ პატრონიკე, ააგეს დასავლეთ კარიბჭე. XIX საუკუნის 40-იან წლებში რუსულმა საეკლესიო ხელისუფლებამ მოსპო სამხრეთ და ჩრდილოეთ კარიბჭეები. შემდეგ ტაძარი შიგნიდან და გარედან მთლიანად შეათეთრეს.
ტამარში 1965-1968, 1970-1975 წლებში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. 1967 წელს საკურთხევლის აბსიდში აღმოჩნდა თეთრ ფონზე შავი საღებავით შესრულებული წარწერა, რომელიც აბსიდს მთელ სიგრძეზე დაუყვებოდა. იგი შესრულებული იყო მოზრდილი, დაახლოებით 10-12 სანტიმეტრის სიმაღლის ასოებით - ორ სტრიქონად. წარწერის შესრულების თარიღია 1104-1112 წლები. შესწავლილი იქნა წარწერის შემორჩენილი ტექსტის ექვსი ფრაგმენტი. მასში მოხსენიებულია მეფე დავით აღმაშენებელი და საუბარია დაზიანებული ტაძრის აღდგენითი სამუშაოების შესახებ.
წარწერის ქვემოთ, ნალესობის გვიანდელი ფენის ჩამოხსნის შემდეგ, აბსიდის ღერძზე მდებარე ნიშის ორივე მხარეს გამოჩნდა მიჯრით განლაგებული ხუთ-ხუთი ანალოგიური ნიში. 1970-1975 წლებში თუნუქის სახურავი შეცვალეს ბაზალტის ლორფინებით. აიღეს უსახური გვიანდელი კანკელი.
1988 წელს გაიწმინდა ტაძრის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილი. გამოვლინდა ფასადთა მორთულობის დეკორატიული ელემენტები. სამხრეთ ფასადის გასწვრივ მიწის ფენის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა შირიმის ცოკოლის სამი საფეხური. ხოლო სამხრეთ შესასვლელის წინ გეგმით კვადრატული კარიბჭის საძირკველი. გაიწმინდა და კონსერვაცია გაუკეთდა ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან მდგარ ერთნავიან ეკლესიას, რომლის სამხრეთ კედელი ტაძრის ჩრდილოეთ კედელშია ჩართული. ტაძრის ჩრდილოეთ მკლავის აბსიდში გამოვლინდა ფართო და მაღალი თაღოვანი შეღრმავება: მისი უმეტესი ნაწილი აბსიდის აღმოსავლეთ ნახევარშია მოქცეული. შეღრმავება მოგვიანებით აგურის წყობით შეუვსიათ, რომელშიც როგორც ჩანს ტაძრიდან ერთნავიან ეკლესიაში გასასვლელი იყო მოწყობილი. გვიანდელი იატაკის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა თავდაპირველი, აგურის ექვსკუთხა ფილებით მოგებული იატაკის ფრაგმენტები და გუმბათქვეშა ბურჯების პროფილირებული ბაზების ქვედა ნაწილები. 1991 წელს გვიანდელი ნალესობისაგან გაიწმინდა: გუმბათის ყელი, სადიაკვნე, დასავლეთ მკლავის კედლები და კამარა. ტაძარში დაიგო ცემენტის ექვსკუთხა ფილები.
ასევე, 1991 წელს ტაძრის ინტერიერში ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები. ტაძრის იატაკის ქვეშ, გვიანდელი ფენის აღების შემდგომ გამოჩნდა ნაგებობა, რომელზედაც ტაძარია დაშენებული. შენობა დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე და მოიცავს ტაძრის ცენტრალურ და ჩრდილოეთ და ნაწილობრივ სამხრეთ ნაწილსაც. იგი დაშენებულია უფრო ძველ ნაგებობაზე და ნაწილობრივ იმეორებს მის გეგმას. ზედა ფენის კედლები ნაგებია ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და კირის დუღაბით. ქვედა ფენის კედლები კი რიყის ქვითა და ტალახით. მრავლადაა მოპოვებული IV-X საუკუნეების მოწითალო ფერის კერამიკა. სულ გაითხარა 15 სამარხი - ყველა ქრისტიანული. ერთ-ერთ სამარხში დაკრძალული ყოფილა თეიმურაზ I-ის რძალი, ბატონიშვილი დავითის თანამეცხედრე, მეორეში - ეპისკოპოსი პიროსი (1873-1922 წწ).

No comments:

Post a Comment